მსოფლიოს ჩემპიონები ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეები თბილისში ბინას მიიღებენ
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს - ავთანდილ და ნიკოლოზ კენჭაძეებს თბილისში ოროთახიანი ბინა გადაეცემათ. 23-წლამდელთა მსოფლიოს პირველობიდან დაბრუნებული ძმები 23 ნოემბერს მშობლიურ ამბროლაურში ჩავიდნენ და სოფელ ჭრებალოში, მათი სახელობის სპორტული დარბაზის გახსნას დაესწრნენ. მოულოდნელი საჩუქრის შესახებაც იქვე შეიტყვეს, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატისგან - გოჩა ენუქიძისგან.
ნიკოლოზ და ავთანდილ კენჭაძეები უკვე წლებია, თბილისში, სპორტსკოლაში ცხოვრობენ და საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებშიც დიდი ხანია, დამკვიდრდნენ. წლეულს ნიკოლოზ კენჭაძემ 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატამდე რამდენიმე კვირით ადრე უფროსებს შორისაც იჭიდავა მსოფლიოს ჩემპიონატზე და ვერცხლის მედალს დაეუფლა.