2019 წლის ბიუჯეტი 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4,5%-იანი ზრდის პროგნოზით დაიგეგმა, - ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, დეპუტატებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას.
„ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვქონდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, რომელთან ერთადაც გაანალიზებულ იქნა ეკონომიკური ზრდის ტენდენციები საქართველოსა და რეგიონში, ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში. ამის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, ბიუჯეტი დაიგეგმოს ეკონომიკური ზრდის 4,5%-იან პროგნოზზე და იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ზრდა გვექნება, მზად ვართ, რომ მომავალი წლის შუა პერიოდში დავაკორექტიროთ ბიუჯეტი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
4,5%-იან ზრდაზე იყო ორიენტირებული 2018 წლის ბიუჯეტიც. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 9 თვის წინასწარი მონაცემებით, ეკონომიკური ზრდა 4,9%-ს და „განახლებული პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 5% იქნება.“
ბიუჯეტის პროექტის განხილვა კვორუმთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 13 ნოემბერს, რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო.