საპატრიარქო აცხადებს, რომ ვაშაძის კომენტარს არაფერი აქვს საერთო პატრიარქის სიტყვებთან
საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელის მიერ ადგილი ჰქონდა ილია მეორის სიტყვების „არასწორ ინტერპრეტაციას“.
საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“. საპატრიარქო აცხადებს, რომ აღნიშნული პოზიცია არის უშუალოდ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულება და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს.
„პირიქით, მომავალ გეგმებზე საუბრისას მისი უწმინდესობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული იყოს კორექტულობა, რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.