„იმედიდან“ ორი ჟურნალისტის წასვლას ადასტურებს ტელეკომპანიის ერთ-ერთი პროდიუსერი
„იმედის კვირის“ პროდიუსერი ნათია სორდია რადიო თავისუფლებას უდასტურებს ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედიდან“ ორი ჟურნალისტის წასვლის შესახებ: „თქვენს კითხვაზე, ხომ არ გეგმავდა რამდენიმე ჟურნალისტი "იმედის კვირიდან" წასვლას, მე გიპასუხეთ, რა ინფორმაციაც მქონდა იმ დროისთვის (დღის პირველი ნახევრისთვის ავტ.). მართა ნამდვილად მიემგზავრება სემინარზე, თუმცა ამას დაემატა ისიც, რომ მან მიიღო სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება. ასევე, გატყობინებთ, რომ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა მიიღო "იმედის" დატოვების გადაწყვეტილება, ერთმა კი დღეიდან შვებულება აიღო“, - უთხრა ნათია სორდიამ რადიო თავისუფლებას.
2 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ „საგანგებო რეჟიმზე“ გადასვლის შემდეგ, რამდენიმე ჟურნალისტი გეგმავდა ტელეკომპანია „იმედის“ დატოვებას.
30 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ტელევიზია საგანგებო რეჟიმზე გადადის. საგანგებო რეჟიმზე გადასვლის მიზეზად დასახელებული იყო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ხიფათი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, გამარჯვების შემთხვევაში დაბრუნდება „ნაციონალური მოძრაობის“ „დანაშაულებრივი რეჟიმი“, რომელიც „ძალადობას, ბიზნესის წართმევას, ტელევიზიაში შეჭრას“ ისევ „რეალობად აქცევს“.