"ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობას ბიუჯეტის კორექტირებისკენ მოუწოდა
„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, ქვეყანაში ჩამოშლილია საბიუჯეტო პროცესი. „მთელი ამ ხნის განმავლობაში ათვისებული იქნა მხოლოდ 9 მილიარდი ლარი და დარჩენილი 2 თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დახარჯოს 3,3 მილიარდი, რაც წარმოუდგენელია. ეს არის სრული ჩავარდნა, რაც აქამდე ამ დოზით „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ეს არის ზვავი, რომელიც შეიძლება ამ ორი თვის მანძილზე თავზე ჩამოეშალოს მთავრობას“ - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი შეფასებით, ეს გამოიწვია საქართველოს მთავრობის და ეროვნული ბანკის შეცდომებმა, არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ და ეროვნული ბანკის მთავრობის მორჩილებაში გადაყვანამ, რის შედეგადაც ლარი არასტაბილური გახდა. გოცირიძემ მთავრობას მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიმდინარე წლის ბიუჯეტის, მათ შორის ბიუროკრატიული და უსარგებლო ხარჯების კორექტირება და ხარჯები გადაიტანოს მომავალი წლის ბიუჯეტში.