რუსი უფლებადამცველი: რუსეთის ციხეში მყოფი ოლეგ სენცოვი „თავს ბევრად უკეთ გრძნობს“
რუსეთის საპატიმროში მყოფი უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, რომელმაც ოქტომბრის დასაწყისში 145 დღიანი შიმშილობა დაასრულა, „თავს ბევრად უკეთ გრძნობს ვიდრე ერთი თვის წინ“. ამის თაობაზე სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, რუსმა უფლებადამცველმა ნიკოლაი შჩურმა, რომელსაც სენცოვმა წერილი მისწერა. შჩური რუსეთის პენიტენციური სისტემის მკაცრი კრიტიკოსია. მან 1 ნოემბერს დაწერა ფეისბუკში, რომ სენცოვმა მას 29 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში მისწერა, რომ „გადაურჩა“ გამოცდას. სენცოვს, რომელიც რუსეთის საპატიმროში 20 წლიან პატიმრობას იხდის ანექსირებულ ყირიმში ტერაქტების მომზადებისთვის ბრალდებით, გასულ კვირაში მიანიჭეს სახაროვის პრემია „აზრის თავისუფლებისთვის“. მან ხუთი თვე იშიმშილა რუსეთის ხელისუფლებისგან უკრაინელი პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით. რეჟისორმა 6 ოქტომბერს შეწყვიტა შიმშილობა, რადგან იძულებით კვების საშიშროება გაჩნდა, რასაც საერთაშორისო უფლებადამცველები წამებად მიიჩნევენ. მან შიმშილობისას დაიკლო 20 კილოგრამი და დაუზიანდა პრაქტიკულად ყველა შინაგანი ორგანო.