ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა კორუფციული სკანდალის ფონზე
![ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა კორუფციული სკანდალის ფონზე](https://gdb.rferl.org/07483E9D-B973-46DA-87E5-1C65536A7BEC_w800_h450.jpg)
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, ცენტრისტული პარტიის ლიდერმა იური რატასმა გადადგომის შესახებ გამოაცხადა კორუფციის თაობაზე სკანდალის ფონზე.
„დღეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ეჭვები არ ნიშნავს, რომ ვინმე ცალსახად დამნაშავეა, მაგრამ ეს უთუოდ სერიოზულ ჩრდილს აყენებს ყველა თანამონაწილეს. ასეთ ვითარებაში ცალსახად სწორად მიმაჩნია, გადადგომით შესაძლებლობა მიეცეს ყველა გარემოებისთვის ნათელის მოფენას და სიცხადის მიღწევას, პოლიტიკური და საზოგადოებრივი სიმშვიდის კონტექსტში“, დაწერა რატასმა ფეისბუკში.
12 იანვარს ესტონეთის უშიშროების პოლიციამ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ეჭვები წარუდგინა ცენტრისტული პარტიის გენერალურ მდივან მიხაილ კორბს, ფინანსთა მინისტრის მრჩეველ კერსტი კრახტს, ბიზნესმენ ჰილარი ტედერსა და კიდევ ორ პირს, რომელთა ვინაობას არ ამხელენ.
პოლიციის თანახმად, ტედერი და კორბი შეთანხმდნენ, რომ მეწარმე ცენტრისტულ პარტიას მილიონამდე ევროს შესწირავს. საპასუხოდ კორბს თითქოს გავლენა უნდა მოეხდინა ტალინის მერიაზე, რათა მას ტედერთან დაკავშირებული ფირმა Porto Franco-სთვის მიეცა საშუალება, შეღავათიან ფასებში გაეყვანა ტალინში მშენებარე ობიექტთან მისასვლელი გზები.
ფინანსთა მინისტრის მრჩეველი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ის ტედერს შეუთანხმდა, თავისი გავლენა გამოეყენებინა სამინისტროში, რათა დადებითი გადაწყვეტილებისთვის მიეღწიათ Porto Franco-სთან დაკავშირებით. ამისთვის კრახტს ტედერისგან უნდა მიეღო ქრთამი, მაგრამ ფულის გადაცემა არ შედგა ბიზნესმენისა და მოხელის დაკავების გამო.
იური რატასმა ესტონეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა ხუთი წლის წინ დაიკავა. 2005-2007 წლებში ის ტალინის მერი იყო.