საფრანგეთი და გერმანია ზომების გამკაცრებას აპირებენ COVID-19-თან საბრძოლველად
საფრანგეთი და გერმანია ზომების გამკაცრებას აპირებენ ევროპაში კორონავირუსის პანდემიის გამწვავებასთან დაკავშირებით.
ევროპის ქვეყნებში საავადმყოფოები და ინტენსიური მკურნალობის ცენტრები პაციენტებით ივსება, ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები კი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მარტსა და აპრილში, როცა მკაცრმა საკარანტინო ზომებმა შესაძლებელი გახადა ვირუსის შეკავება.
როგორც ვარაუდობენ, გერმანია ახალი მკაცრი ზომების შესახებ გამოაცხადებს, როცა კანცლერი ანგელა მერკელი ქვეყნის 16 ფედერალური მხარის ხელმძღვანელებს შეხვდება 28 ოქტომბერს.
გეგმავენ რესტორნების, ბარებისა და მუზეუმების დახურვას, ასევე თავყრილობების აკრძალვას.
იტალია და ესპანეთი ევროპის იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც იძულებული გახდნენ გაემკაცრებინათ ზომები. საფრანგეთში მსჯელობენ, კიდევ უფრო გაამკაცრონ თუ არა ისინი.
რუსეთის ხელისუფლებამ გაამკაცრა აკრძალვები. ქვეყნის მასშტაბით სავალდებულოა პირბადეების ხმარება საჯარო სივრცეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ტაქსებსა და ლიფტებში.
აშშ-ში ვირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი იზრდება 47 შტატში, სიკვდილიანობა კი - 34 შტატში. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით დღიური მაჩვენებელი 73 ათასია, რაც ბევრად აღემატება ივლისის შუა რიცხვებში მიღწეულ პიკს.
დღეის მაჩვენებლებით მსოფლიოში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირებულთა 44 მილიონზე მეტი შემთხვევა, აქედან გარდაიცვალა 1,7-მდე მილიონი ადამიანი.