შავდათუაშვილი და გიგანი ბუდაპეშტის გრან სლემზე, საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის ბუდაპეშტში მიმდინარე გრან სლემის მეორე დღე ხანმოკლე აღმოჩნდა - დღეს ტატამზე 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენები ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი გავიდნენ და ტურნირს ორივე პირველი შეხვედრის შემდეგ გამოეთიშა.
ოლიმპიური (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ჭაბუკებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონთან, კოსოვოელ აკილ გიაკოვასთან დამარცხდა, უილეთო ბრძოლაში, სამი გაფრთხილებით. ახალგაზრდებში ევროპის 2012 წლის ფინალისტი ფრიდონ გიგანი ევროპის შარშანდელ ჩემპიონს, შვედ ტომი მაციასს დაუპირისპირდა და იპონით წააგო.
25 ოქტომბერს მედლები ვაჟთა შორის 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით იჭიდავებენ ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ), გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).