საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთთან მატჩი ფრედ დაასრულა
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის მესამე ტურში, სომხეთის ნაკრებთან გასვლით მატჩში ქულა აიღო. ნეიტრალურ მოედანზე - პოლონეთის ქალაქ ტიხში გამართული მატჩი ანგარიშით 2:2 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღევანდელ შეხვედრაში გუნდის წამყვანი მოთამაშეების უმეტესობას დასვენების საშუალება მისცა და მინდორზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა.
პირველი ტაიმი სომხებმა მოიგეს, ბაირამიანის მიერ მეექვსე წუთზე გატანილი გოლით. შესვენების შემდეგ, მატჩის განახლებისთანავე, ნიკა კაჭარავამ გაათანაბრა ანგარიში. სამოცდამეთხუთმეტე წუთზე, მოედანზე შეცვლაზე შესულმა თორნიკე ოქრიაშვილმა წინ გაიყვანა საქართველოს ნაკრები. ძირითადი დროის ამოწურვამდე ორიოდ წუთით ადრე კი გიორგი მაკარიძის კარში პენალტი დაინიშნა და მატჩის საბოლოო შედეგი ჰენრიკ მხითარიანმა დააფიქსირა.
სამი ტურის შემდეგ, ერთა ლიგის C დივიზიონის ჯგუფს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები ლიდერობენ, ხუთ-ხუთი ქულით. 14 ოქტომბერს, მეოთხე ტურში სწორედ ლიდერების მატჩი შედგება, სკოპიეში. 12 ნოემბერს კი ქართველი და ჩრდილომაკედონიელი ფეხბურთელები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის, თბილისის „დინამოარენაზე“ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.