ცხინვალში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთაგან ორი, სამედიცინო კლინიკის თანამშრომელია.
ცხინვალის ე.წ. სანიტარიული სამსახურის უფროსის მოადგილის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, ამ დროისთვის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 34 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
„პარასკევს 111 ტესტი ჩატარდა და ოთხმა დადებითი პასუხი აჩვენა. კორონავირუსი გამოუვლინდა ორ მოქალაქეს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ და მედიცინის ორ მუშაკს“, - აღნიშნა გაგლოევამ. მისივე თქმით, მედიცინის მუშაკები ზნაურის საავადმყოფოში მუშაობენ.
ამ დროისთვის ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 348 პირი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.