გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ხელი აიღოს "თაღლითობაზე"
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას „თაღლითობისგან“ ხელის აღებისა და 8 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
გიორგი ვაშაძემ დღეს მედიასთან განმარტა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგებოდა და მოიცავდა როგორც პროპორციული საარჩევნო სისტემის, ისე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართულებებს:
„მე მათ მოვუწოდებ, რომ ხელი აიღონ ამ თაღლითობისგან, თორემ ძალიან მკაცრი იქნება რეაქცია მათთან მიმართებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და, რაც მთავარია, საზოგადოების მხრიდან, იმიტომ, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და აუცილებლად მათ მოუწევთ შეთანხმების ორივე კომპონენტის შესრულება“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
მისი შეფასებით, ხელისუფლება ამგვარი ქმედებებით დაკარგავს იმ მხარდაჭერას საზოგადოებისგან, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მოიპოვა.
11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა.
2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ.
შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.
ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.