რუსეთი აღშფოთებას გამოთქვამს მისი თქმით "აშშ-ის მცდელობაზე გადაიწეროს ნაციზმზე გამარჯვების ისტორია"
![რუსეთი აღშფოთებას გამოთქვამს მისი თქმით](https://gdb.rferl.org/EBD9C9F8-0927-45AC-AE46-C33E115F9A0F_w800_h450.jpg)
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 10 მარტს საგანგებო განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ აშშ ცდილობს გადაწეროს ნაციზმზე გამარჯვების ისტორია და ამას აღმაშფოთებელს უწოდებს.
"უკიდურეს აღშფოთებას იწვევს მცდელობები გამრუდებულად წარმოჩინდეს ნაციზმის განადგურების შედეგი და ამაში ჩვენი ქვეყნის მიერ შეტანილი გადამწყვეტი წვლილი, რაც ვაშინგტონში არც გამარჯვების 75-ე წლისთავის საყოველთაო ზეიმის დროს წყდება" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამის მაგალითად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოაქვს "თეთრი სახლის გვერდებით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული კომენტარები, სადაც ჰიტლერის გერმანიაზე გამარჯვებას მიაწერენ მხოლოდ 'ამერიკას და დიდ ბრიტანეთს'. საკრალური დღესასწაულის წინ ამერიკელ ჩინოვნიკებს არ აღმოაჩნდათ გამბედაობა და სურვილი ნახევარი სიტყვით მაინც მიეგოთ მატივი იმ ეჭვგარეშე როლისთვის და კოლოსალური, განუზომელი მსხვერპლისთვის, რომელიც მაშინ მთელი კაცობრიობისთვის გაიღეს წითელმა არმიამ და საბჭოთა ხალხმა" - ვკითხულობთ განცხადებაში.
ინსტაგრამის გვერდზე თეთრმა სახლმა განათავსა ვიდეო და სიტყვები: "1945 წლის 8 მაისს ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ნაცისტებზე გაიმარჯვეს! ამერიკის სული ყოველთვის გაიმარჯვებს. ბოლოს ყოველთვის ასე ხდება". რუსეთის სააგენტო ინტერფაქსმა მოსკოვში აშშ-ის საელჩოს კომენტარი სთხოვა და შემდეგ გაავრცელა პასუხი: "გვსურს მიგითითოთ ბოლო დროს გაკეთებულ ბევრ განცხადებაზე, რომლებიც ხაზს უსვამს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას და მსხვერპლს".
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აპრილში ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, ამერიკელი და საბჭოთა სამხედროების გერმანიის მდინარე ელბასთან შეხვედრის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად.
"ვაპირებთ ამ საკითხზე სერიოზულად დაველაპარაკოთ აშშ-ის საჯარო მოხელეებს" - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.