WHO-ის ხსენება მთავარ სირთულედ იკვეთება კორონავირუსზე გაეროს რეზოლუციის დამტკიცებისთვის
როგორც იკვეთება, ჩინეთის და შეერთებული შტატების დიპლომატები ვერ თანხმდებიან მიზეზზე, თუ რატომ შეჩერდა მუშაობა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაზე კორონავირუსის პანდემიასთან მიმართებით.
დიპლომატები ამბობენ, რომ უთანხმოება ეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხსენებას რეზოლუციაში. აშშ-ს არ სურს დოკუმენტში ეს ორგანიზაცია ნახსენები იყოს, ჩინეთი კი აცხადებს, რომ რეზოლუციამ ეს უნდა მოიცვას.
ჩინეთის დიპლომატმა 9 მაისს თქვა, აშშ-მა შეცვალა პოზიცია რეზოლუციის პროექტთან მიმართებითო, თუმცა ამერიკელი დიპლომატი ამას არ ადასტურებს.
ანონიმურად დატოვებული დიპლომატების სიტყვები გაავრცელა სააგენტო როიტერსმა, მას მერე, რაც გაჩნდა ცნობები უთანხმოების შესახებ გაეროს შესაძლო რეზოლუციაზე, რომელშიც უნდა გამოთქმულიყო მოწოდება პანდემიის დროს ცეცხლის შეწყვეტაზე გლობალურ კონფლიქტებში.
15 წევრისგან შემდგარი საბჭო უკვე გარკვეული პერიოდია ცდილობს ამ რეზოლუციაზე მუშაობას. ცეცხლის შეწყვეტის მოწოდება პირველად 23 მარტს გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.