UFC კორონავირუსით დაბრუნდა, ფერგიუსონმა ქომაგებს იმედი გაუცრუა
წესების გარეშე მებრძოლებმა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზა უკვე დაასრულეს. 10 მაისის ღამეს აშშ-ში, ჯექსონვილის არენაზე, გაიმართა აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ტურნირი UFC 249.
ცარიელ დარბაზში ჩატარებულ შეხვედრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ორი ამერიკელის - 36 წლის ტონი ფერგიუსონისა და 31 წლის ჯასტინ გეიჯის - დაპირისპირება დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის მსუბუქ წონით კატეგორიაში. ბევრისთვის მოულოდნელად, ბრძოლა გეიჯის უპირატესობით წარიმართა და მეხუთე რაუნდში დასრულდა - ტონი ფერგიუსონი ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა და ამ ეტაპზე დაკარგა ნამდვილი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლის შანსი. მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონის - რუსი ხაბიბ ნურმაგომედოვის - პირისპირ ჯასტინ გეიჯი დადგება, ოღონდ როდის, ჯერჯერობით უცნობია.
UFC 249-ზე გამართული სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევი იყო მძიმეწონოსნების - კამერუნელი ფრენსის ნგანუსა და სურინამელი ჟარჟინიო როზენსტრუკის - დაპირისპირება, რომელიც ნგანუმ ოციოდ წამში მოიგო ნოკაუტით.
ტურნირის ორგანიზატორებს, წინასწარ დაგეგმილი თორმეტი შეხვედრის ნაცვლად, თერთმეტის ჩატარება მოუხდათ - გაუქმდა ბრაზილიელი რონალდო ჟაკარე სოუზასა და ამერიკელ ურაია ჰოლის ბრძოლა, რადგან სოუზას წინასაბრძოლო სამედიცინო შემოწმებისას კორონავირუსი აღმოაჩნდა.