მერკელმა და მაკრონმა რუსეთს მოუწოდეს დაუყოვნებლად გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები
გერმანის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდეს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დაუყოვნებლად გაათვისუფლოს ყველა უკრაინელი სამხედრო, რომელიც ნოემბრის ბოლოს დააპატიმრეს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის დროს. ანგელა მერკელისა და ემანეულ მაკრონის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინელ მეზღვაურებს „უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რათა დამდეგ დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად შეხვდნენ“.
პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია მოთხოვნა, რომ რუსეთმა უზრუნველყოს ყველა გემის თავისუფალი, უსაფრთხო და შეუზღუდავი გადაადგილება ქერჩის სრუტეში. განცხადებაში ასევე გამოთქმულია სერიოზული შეშფოთება ანექსირებულ ყირიმში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების გამო.
ნოემბრის ბოლოს შავ ზღვაში დაპატიმრებული 24 უკრაინელი მეზღვაური მოსკოვში, საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. რუსეთში მათ ბრალს დებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. მეზღვაურები ბრალს არ აღიარებენ და მოუწოდებენ რუსეთის მართლმსაჯულებას, რომ ისინი ცნობილი იქნენ სამხედრო ტყვეებად.