ოპოზიციასა და პოლიციას შორის მომხდარი დაპირისპირებისას 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა
თელავსა და გურჯაანში ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას შსს-ოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადიან შესაბამის სამედიცინო დახმარებას. ექიმის ინფორმაციით, მათ მოტეხილობები და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ. ველისციხეში სამართალდამცავებსა და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს შორის დაპირისპირება დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდა. შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც თელავში, აქციაზე მიმავალ გაერთიანებული ოპოზიციის კოლონას გურჯაანში გზა სამართალდამცავებმა გადაუკეტეს.
შსს-ს ინფორმაციით, მათ აქციის ორგანიზატორებს შესთავაზეს უსაფრთხო მარშრუტი, თბილისი-ყვარელი-თელავი, სატრანსპორტო საშუალებების მრავალრიცხოვანი ნაკადის გამო და სწორედ ამიტომ არ მისცეს სამართალდამცავებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს გურჯაანის გზიდან თელავისკენ გადაადგილების საშუალება.