კოსოვოს პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს არმიის შექმნას
კოსოვოს პარლამენტარებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სრულფასოვანი არმიის შექმნას - რასაც მწვავედ ეწინააღმდეგება სერბია. 14 დეკემბერს გამართულ სხდომას, რომელზეც კოსოვოს მსუბუქად შეიარაღებული ძალების პროფესიულ არმიად გარდაქმნა უნდა დაემტკიცებინათ, ბოიკოტი გამოუცხადა სერბ კანონმდებელთა უმცირესობამ, ასეთ ფონზე კანონპროექტი ერთხმად იქნა მიღებული. ნაბიჯს მხარი დაუჭირა ყველა პარტიამ ამ ძირითადად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულ ქვეყანაში, გარდა კანონმდებლებისა, რომლებიც წარმოადგენენ 120,000 ადამიანისგან შემდგარ სერბ უმცირესობას.
აშშ-მა მხარი დაუჭირა კოსოვოს ნაბიჯს, თუმცა შეეცადა მოწინააღმდეგეები დაერწმუნებინა, რომ ამ პროცესის დასრულებას "მრავალი წელი" დასჭირდება. პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ფილიპ კოსნეტმა განაცხადა, "კოსოვოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, ბუნებრივია თავდაცვის შესაძლებლობის ქონაო".
კოსოვოს პარლამენტის გადაწყვეტილებას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ბელგრადი და კოსოვოს ეთნიკური სერბები, რომლებიც ამბობენ, რომ ამით დაირღვევა გაეროს რეზოლუციები და ამ ძალას სერბი უმცირესობის წინააღმდეგ გამოიყენებენ - რასაც პრიშტინა უარყოფს. ნაციონალისტური ორიენტაციის სერბული გაზეთები წერენ, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა ახალი კონფლიქტი მოჰყვეს.