ქართულ ოცნებაში ბედუკაძის პარტიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ
პარტია ქართული ოცნება ვლადიმერ ბედუკაძის პარია "ცენტრისტების" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. ინფორმაცია ჟურნალისტებს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა სოფო კილაძემ მაიწოდა. მისი განცხადებით, ბედუკაძის პარტიის საარჩევნო რგოლი ანტისახელმწიფოებრივია.
კილაძე იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს მათ აზრს.
"ცენტრისტების ეს კლიპი პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართულ სახელმწიფოებრიობას, არის ანტიკონსტიტუციური, სწორედ ამიტომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ დაიწყო სარჩელის მომზადება, რომელიც ეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეუჩერდეს რეგისტრაცია ამ პოლიტიკურ პარტიას, რომ ამ პარტიამ ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებები ვერ გააგრძელოს,"- განაცხადა კილაძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების წევრი გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ სარჩელი გონივრულ ვადაში იქნება მომზადებული.
"ბუნებრივია იურისტები მოამზადებენ სარჩელს. გონივრული ვადა რაც მისი მომზადებისთვის იქნება საჭირო. სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმაც ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. ესეთი რიტორიკა რაც სარეკლამო რგოლშია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივია,"- აცხადებს კახიანი