მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი - ირაკლი სესიაშვილი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის, განცხადებით, ქართველი ჯარისკაცების მხრიდან ცენტრალურ აფრიკაში სექსუალური ძალადობის დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავეების დასჯა კანონის წინაშე აუცილებლად მოხდება.
ამის შესახებ დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, თუკი ეს დანაშაული არ დადასტურდა, ქართული მხარე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას აუცილებლად მოითხოვს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მას აქვს წინასწარი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ის ყველას ფრთხილი შეფასებების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
"პირველ რიგში, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს ვითვალისწინებ. მე მაქვს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა მოხდა ცენტრალურ აფრიკაში, ამიტომ ნუ ვიქნებით მკაცრნი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს, ეს ადამიანები პასუხს აგებენ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ჩვენი ჯარის პრესტიჟზე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი მსოფლიოში," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.