"მნიშვნელოვანია პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა,"- მიხეილ ჯანელიძე
პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საგარეო საქმეთა მინისტრმა ყველა მოადგილესთან ერთად შეხვედრა გამართა. უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. მიხეილ ჯანელიძემ დეპუტატებს წელს დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.
"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელია, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური მიმართულებით. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წელია ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით. ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ახალი დღის წესრიგია შესამუშავებელი, სხვა სექტორული თანამშრომლობაა გასაღრმავებელი.
"მნიშვნელოვანი მოვლენაა ვარშავის სამიტი, ასევე სხვა ღონისძიებები, რომელიც წლის განმავლობაში გაიმართება და სადაც მნიშვნელოვანია პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა. ჩვენ მზად ვართ, ასეთი თანამშრომლობისათვის. ერთობლივად გადავდგამთ ნაბიჯებს, რაც ქვეყნისთვის და ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის არის მნიშვნელოვანი"- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.