კურსკში პოლიციელი გაათავისუფლეს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ვიდეოს ჩაწერისთვის
კურსკში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან გაათავისუფლეს პოლიციის მაიორი რუსლან აგიბალოვი, რომელმაც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი ვიდეო ჩაწერა. ამის შესახებ რუსეთის პრესა იტყობინება შსს-ს რეგიონული სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ვიდეოში აგიბალოვი ამბობს, რომ ყველაზე მეტად იმის ეშინია, თუ როგორ ქვეყანაში აღიზრდებიან მისი შვილები, რომლებიც შეიძლება დააპატიმრონ, თუკი არ დაემორჩილებიან ხელისუფლებას და უკმაყოფილებას გამოხატავენ.
„ასევე მეშინია, რომ როცა ჩემი შვილები წამოიზრდებიან, მკითხავენ: ‘მამა, შენ რა გაგიკეთებია იმისთვის, რომ ჩვენ თავისუფალ და აყვავებულ ქვეყანაში გვეცხოვრა’. და მე მათ ვერაფერს ვუპასუხებ“, ამბობს აგიბალოვის ვიდეოში.
მან თავის ხელმძღვანელობას სთხოვა, „გაგებით“ მოეკიდონ მის საქციელს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს კურსკის ოლქის განყოფილებაში განაცხადეს, აგიბილოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს „საქციელისთვის, რომელიც ჩირქს სცხებს შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომელს.