იენს სტოლტენბერგი: ნატო-საქართველოს პარტნიორობა ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს და დაცულს გვხდის
„ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების აღიარება და გაიყვანოს იქიდან თავისი შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, 22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე მრავალეროვნულ მისიასა და შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართულ საწვრთნელ პროგრამებში.
"ნატო-საქართველოს პარტნიორობა ჩვენ ყველას უფრო უსაფრთხოს და დაცულს გვხდის", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.
ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრამდე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. ასევე, ევროკომისარს იუსტიციის საკითხებში, დიდიე რეინდერსს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს 2 დღის წინ ეწვია. ბრიუსელში პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა ევროპული საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის ლიდერებთან - ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლისთან, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერსა და ბელგიის მეფე ფილიპესთან.