გერმანიამ რუსეთს გადასცა ნავალნისთან ინტერვიუების ტექსტები და გამოძიებას მოითხოვს
გერმანიამ რუსეთს გადასცა იმ ინტერვიუების გაშიფრული ტექსტები, რომლებიც მისი უწყებების წარმომადგენლებმა ჩამოართვეს კრემლის ხმამაღალ კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის - და მოსკოვს მოთხოვა სრულმასშტაბიანი გამოძიების ჩატარება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოწამვლის საქმეზე.
16 იანვარს გადადგმული ეს ნაბიჯი ერთი დღით უსწრებს წინ ნავალნის მოსკოვში დაბრუნებას, მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე თვე დაჰყო გერმანიაში, სადაც მას მკურნალობდნენ 2020 წლის აგვისტოში მძიმედ მოწამვლის შემდეგ - რომელშიც ნავალნი რუსეთის ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ნავალნი აცხადებს, რომ რუსეთში დაბრუნდება, მიუხედავად მიღებული გაფრთხილებისა, რომ რუსეთის ფედერალურ პენიტენციურ სამსახურს მისი დაპატიმრება სურს - რაც გზას უხსნის კიდევ ერთ, პოტენციურად დრამატულ კონფლიქტს ნავალნისა და კრემლს შორის. გასულ თვეში რუსეთის ფედერალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ნავალნის დაუყოვნებლივ მოთხოვა რუსეთში დაბრუნება და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მას ციხე ემუქრება, პირობითი პატიმრობის წესების დარღვევის გამო. ეს სასჯელი უკავშირდება 2014 წელს ნავალნის დამნაშავედ ცნობას გაყალბებაში და კრიმინალური ინსპექტორებისგან დამალვას.