დიდთოვლობა ესპანეთში (ფოტოები)
ესპანეთში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა. ძლიერი თოვა 8 იანვრიდან დაიწყო. როგორც bbc.com საგზაო სამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, თოვლმა და ყინულმა პრობლემები შექმნა 400-მდე ავტომაგისტრალზე, რის შედეგადაც 1000-მდე ადამიანი გზებზე ჩარჩა.
დროებით დაიხურა მადრიდის აეროპორტიც. მადრიდის ცენტრში ქარის მიერ წაქცეულმა ხეებმა ავტომობილები დააზიანა. ხელისუფლებამ სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, დედაქალაქში დიდი პარკებიც დახურა. შეჩერდა ჩქაროსნული სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდსა და ქალაქ ალიკანტეს და ვალენსიას შორის. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა არააუცილებელი მგზავრობისგან თავი შეიკაოს. ერთ-ერთ ავტომაგისტრალზე ჩარჩენილ სატვირთოების მძღოლებს საკვები „წითელმა ჯვარმა“ მიაწოდა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გზების გაწმენდისა და სამაშველო ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, მადრიდში ეს ბოლო 40 წელიწადში ყველაზე ძლიერი თოვაა. მეტეოროლოგები მადრიდში მომდევნო დღეებში ცივ ამინდს და ტემპერატურის მინუს 12 გრადუსამდე დაცემასაც პროგნოზირებენ.