თბილისი ძიუდოში „გრან სლემს“ უმასპინძლებს - უკვე ოფიციალურად
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2021 წლის სეზონის პირველი ექვსი თვის სატურნირო კალენდარი გამოაქვეყნა და უკვე ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომავალ წელს, თბილისი ტრადიციული „გრან პრის“ ნაცვლად, უფრო მაღალი რანგის შეჯიბრებას - „გრან სლემს“ უმასპინძლებს.
მსოფლიო ძიუდოს მმართველმა ორგანომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ტურნირისთვის სტატუსის ამაღლების ინიციატივით რამდენიმე კვირის წინ მიმართა და მალევე მიიღო თანხმობაც, მას შემდეგ, რაც საქართველოს ძიუდოს ფედერაციას სახელმწიფომ მისცა უმაღლესი რანგის შეჯიბრების ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია.
თბილისის „გრან სლემი“ მარტში გაიმართება და მასზე მედლების გარდა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ზაფხულამდე სულ ხუთი „გრან სლემი“ გაიმართება: 18-20 თებერვალს თელ ავივში, 5-7 მარტს - ტაშკენტში, 26-28 მარტს - თბილისში, 1-3 აპრილს - ანთალიაში და 8-9 მაისს - პარიზში.