„გლდანის ციხეში" ბრალდებულის დაინფიცირებას უარყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური მორიგი სიცრუედ მიიჩნევს ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი Covid - 19-ით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა და ის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოთავსდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ადვოკატი კიდევ ერთხელ ცრუობს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მიზნით.
„სინამდვილეში ადვოკატ კობაიძის დაცვის ქვეშ მყოფი გ. გ, რომელიც სამართალდამცავებმა საქართველოს სსკ 126-ე (ძალადობა) მუხლით დააკავეს, N8 დაწესებულებაში საერთოდ არ მოხვედრილა", - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული 7 დეკემბერს გადაიყვანეს N18 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც პენიტენციურ სისტემაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების პერიმეტრის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დადასტურდა დადებითი პასუხი.
როგორც პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, ბრალდებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საიდანაც 2021 წლის 5 იანვარს ის გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე.
პენიტენციური სამსახურის განცხადებას „ფეისბუკზე" გამოეხმაურა ალექსანდრე კობაიძე: „ღმერთო, დღეს შობის საღამოა. შენ ხომ მაინც იცი ვინაა მართალი და ვინაა მტყუანი".
კიდევ ერთ ციხეში, ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით დაინფიცირებული პატიმრის კლინიკაში გადაყვანისა და გათავისუფლების შემდეგ გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე.