ერდოანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, აია სოფია მუსლიმი მლოცველებისთვის ღიაა
10 ივლისს თურქეთის სასამართლოს მიერ აია სოფიას, 6 საუკუნის ძეგლისთვის, მუზეუმის სტატუსის გაუქმების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, აია სოფიას კარი ღვთისმსახურებისთვის გაიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე მომზადებული იყო საფუძველი, რომ ტაძარი კვლავ მეჩეთად გადაკეთებულიყო.
აია სოფია, ბიზანტიური და მსოფლიო არქიტექტურის შედევრი, ქრისტიანული ტაძარი იყო და ოსმალეთის მიერ მე-15 საუკუნეში კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, მეჩეთად გადაკეთდა. მის გარშემო აიგო მინარეთები და შიდა მოზაიკური მოხატულობა დაიფარა, რადგან ისლამი კრძალავს სალოცავ სივრცეში გამოსახულებებს.
1934 წელს, ქემალ ათათურქის მმართველობის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიანიჭეს. სასამართლოს 10 ივლისის გადაწყვეტილებით, ათათურქის დროინდელი დადგენილება უკანონოდ გამოცხადდა. ეს შეესაბამებოდა ერდოანს კურსს, რომ მსოფლიო კულტურის საგანძურის ნიმუში, მიუხედავად საერთაშორისო, აშშ-ისა და მართლმადიდებელ ლიდერთა მხრიდან კრიტიკისა, მეჩეთად გადაკეთებულიყო. აია სოფიას 1985 წლის შემდეგ იუნესკო იცავს.