ჯანდაცვის სამინისტრო პლაჟებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები შეიმუშავა ზღვის სანაპირო ზოლისთვის.
სამინისტროს დადგენილებაში ნათქვამია, რომ პლაჟის ტერიტორიაზე განთავსებული ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
საპლაჟო ინფრასტრუქტურის - საზღვაო ტრანსპორტის, შეზლონგების, სკუტერების, ველოსიპედების - მფლობელებს ევალებათ დასაქმებულ პირთა თერმოსკრინინგი. მომუშავენი უნდა უზრუნველყოფილნი იყვნენ ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებით. ანგარიშსწორებისას უპირატესობა უნდა მიანიჭონ უნაღდო ტრანზაქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელთათმანები უნდა გამოიყენონ.
აკრძალულია შეზლონგებისთვის რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება. წყლის ტრანსპორტი და ქოლგები კი გამოყენების შემდეგ უნდა დეზინფიცირდეს. ხოლო დახურული სივრცის შესასვლელში დეზობარიერი უნდა განთავსდეს, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით.