ქარტია საფრთხის შემცველად აფასებს „მთავარი არხის“ შესახებ სასამართლოს განჩინებას
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ქმედებებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას განჩინებას „მთავარი არხის“ შესახებ, ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. მისი განცხადებით, ეს მოქმედება საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას. ეთიკის ქარტიისთვის დაუშვებელია, რომ საგამოძიებო და სასამართლო ორგანოები ერეოდნენ მედიის საქმიანობაში და აფასებდნენ მომზადებული მასალის შინაარსს.
„ჩვენი კანონმდებლობით მედიის მიერ გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შინაარსზე მსჯელობა არის თვითრეგულირების მექანიზმის პრეროგატივა და დაუშვებელია, რომ ეს ფუნქცია შეასრულოს ხელისუფლების რომელიმე შტომ“, - ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
როგორც ქარტია მიუთითებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია „მთავარი არხის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე, რომელსაც სუს-ი საკუთარ განცხადებაში დეზინფორმაციულს უწოდებს. გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟის ფაქტზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი თავისი განჩინებით ტელეკომპანიისგან გამოითხოვა როგორც ეთერში გასული სიუჟეტები, ასევე სრული და დაუმონტაჟებელი მასალა. ქარტიის შეფასებით, ყველა ეს ქმედება არის მედიის თავისუფლებაში უხეში ჩარევის სახიფათო პრეცედენტი.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიება და საქალაქო სასამართლოს განჩინება წარმოადგენს როგორც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი კონკრეტული მედიასაშუალების, ასევე მთლიანად მედიაგარემოს გაკონტროლების მცდელობას, რაც სახიფათო და დამაზიანებელია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
„მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მზადაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს „კოვიდსტუსის გაყიდვაზე" მომზადებული მასალის დაუმონტაჟებელი ვერსია იმ სახით, რა სახითაც ახლა ის ტელევიზიაში ინახება. ამის შესახებ გვარამიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა.
დღეს, 2 ივლისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და „მთავარ არხს" "კოვიდსტუსის გაყიდვაზე" მომზადებული მასალის დაუმონტაჟებელი ვერსია მოსთხოვა. უწყებაში აცხადებენ, რომ მათი გამოძიებით, არხმა 20 ივნისს გამოგონილ და განზრახ დამახინჯებულ ფაქტებზე აგებული სიუჟეტი მოამზადა, რომელიც მასობრივ მაყურებელს აუწყებდა წინასწარ შეცნობით ყალბ ამბავს.
ამ მასალის ირგვლივ გამოძიება სუს-მა „საბოტაჟის საქმის" ფარგლებში დაიწყო. უწყებაში სიუჟეტში მონაწილე რესპონდენტები გამოკითხეს.