აბიტურიენტები გამოცდის დროს პირბადის მოხსნას შეძლებენ
აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრებში პირბადით უნდა მივიდნენ, თუმცა, გამოცდის ჩაბარების დროს პირბადის მოხსნას შეძლებენ.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან დღეს დილით გამართულ თათბირზე მიიღეს.
საგამოცდო ცენტრებში მაგიდებს შორის დაცული იქნება დისტანცია და უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით. ფანჯრები ყველგან ღია უნდა იყოს. თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გარდუსს მიაღწევს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება. გამოცდებისთვის 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
საგამოცდო ცენტრები იქნება თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.