სახალხო დამცველმა კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროება დაადასტურა
საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა ექიმის მხრიდან კარანტინში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტი.
„საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ექიმმა, რომელთანაც ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა დადებული, განმცხადებლის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქმედებები განახორციელა“.
სახალხო დამცველმა ფაქტის შესწავლა 2020 წლის 30 მარტს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო, მოგვიანებით კი საქმის განხილვის პროცესში განმცხადებლის წარმომადგენლის სტატუსით ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, საქმეში არსებული მასალების, მხარეების და მესამე პირების, მათ შორის, ექიმების გამოკითხვის და შესაბამისი უწყებებიდან მიღებული პასუხების საფუძველზე, სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ სექსუალური შევიწროება გამოვლინდა სამივე ფორმით - სიტყვიერი, არასიტყვიერი და ფიზიკური ქცევით, რამაც განმცხადებელს შეუქმნა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარემო.
სახალხო დამცველმა სექსუალური შევიწროების დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა ექიმს და მოუწოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს, „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს“ და ჯანდაცვის სამინისტროს, გაითვალისწინონ სექსუალური შევიწროების გამოვლენის რისკები და დაკონტრაქტებულ და დასაკონტრაქტებელ ექიმებს მიეწოდოთ ინფორმაცია სექსუალური შევიწროების დაუშვებლობის შესახებ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახსნილ ერთ-ერთ საკარანტინე სივრცეში მყოფი ქალის მიმართ სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტი საჯაროდ ცნობილი გახდა აპრილის დასაწყისში. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული პირი არ არის ჯანდაცვის სამინისტროს ან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელი და, რომ სამინისტრო, შესაბამის ორგანოებთან ერთად მოახდენს საკითხის მუდმივ მონიტორინგს და გამოძიების შედეგის შესაბამის რეაგირებას.