საგარეო სამინისტრო: ნუ ენდობით მათ, ვინც უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებას გპირდებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ურჩევს, არ ენდონ იმ კერძო პირებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც მათ საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებიან.
სამინისტროს თანახმად, აღნიშნული ჯგუფები სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ და საქართველოს მოქალაქეებს პირად მონაცემებსა და კითხვარების შევსებას სთხოვენ:
“მოგმართავთ თხოვნით, რათა გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მაღალმა დონემ მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა საერთაშორისო მგზავრობის თვალსაზრისით. უმეტეს ქვეყნებს ჩაკეტილი აქვს საზღვრები და შეწყვეტილია ან მკაცრად შეზღუდულია საერთაშორისო მიმოსვლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, სარკინიგზო თუ საზღვაო გზებით. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს, არის რისკების შემცველი და შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს მოქალაქეების მდგომარეობა“, - აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავს შეთავაზებებს და მგზავრობის მარშრუტი მხოლოდ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების დახმარებით დაგეგმონ.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 27 მარტს „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, რომ შეუძლია უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნოს. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მას აქვს საკმარისი კავშირები, ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ საჰაერო გზებით უზრუნველყოს ამ ხალხის სამშობლოში დაბრუნება.