ოპოზიციამ 4 აპრილს დაგეგმილი აქცია შესაძლოა გააუქმოს
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე, შესაძლოა ოპოზიციამ 4 აპრილს დაანონსებული აქცია გადადოს, ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, „ლეობორისტული პარტიის“ ოფისთან, სადაც ოპოზიცია კონსულტაციებს მართავდა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
„...ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ - თუ ვითარება კორონავირუსის გამო ქვეყანაში დამძიმდა ან არ მოხდა დასტაბილურება და თუ არ მოხდა გაუმჯობესება, თუ ასეთი რეალობა არის, მაშინ შეიძლება განვიხილოთ 4 აპრილის აქციის გადადება. ეს არის მნიშვნელოვანი, გამომდინარე იქიდან, რომ არ შეექმნათ საფრთხე ჩვენს თანამოქალაქეებს. საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება მდგომარეობა ქვეყნის შიგნით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
4 აპრილს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის შესახებ 11 თებერვალს გახდა ცნობილი.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციამ „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემის საკითხზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.