საქსტატი: წლიური ინფლაცია თებერვალში 6,4 პროცენტია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, თებერვლის თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები. კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 12,7 პროცენტითაა გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციაზე 3,85 პროცენტული პუნქტით აისახა.
საქსტატის თანახმად, საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 25,1 პროცენტით გაძვირდა ხილი. ამ მხრივ, მეორე ადგილზეა რძის ნაწარმი. კერძოდ, რძესა და ყველზე ფასი გაზრდილია 19,2 პროცენტით. ამავე მოცულობითაა გაზრდილი ფასები კვერცხზე. 15,1 პროცენტით მოიმატა ფასმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, 11,2 პროცენტითაა გაზრდილი შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასი. 11,21 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 10,3 პროცენტით კი - თევზეული. ფასების ზრდის მიხედვით შემდეგ ადგილზე მოდის მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 8,7 პროცენტი. 7,4 პროცენტითაა გაძვირებული ზეთი და ცხიმი, პური და პურპროდუქტები კი - 5,6 პროცენტით. 5,0 პროცენტითაა გაძვირებული ყავა, ჩაი და კაკაო.
რაც შეეხება სასტუმროებსა და კაფეებს, საქსტატის თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები მთლიანობაში გაზრდილია 8,7 პროცენტით. კერძოდ, საზოგადოებრივ კვებაზე ფასმა 9,5 პროცენტით მოიმატა, ხოლო ღამის გასათევ მომსახურებაზე 1,3 პროცენტით.
საქსტატის თანახმად, 2020 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე საქართველოში 0,3 პროცენტია.