ვენესუელის ეროვნულმა გვარდიამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ
ვენესუელის ეროვნულმა გვარდიამ კოლუმბიასთან საზღვარზე ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ. დემონსტრანტები ბარიკადების დაშლას ცდილობდნენ მდინარე ტაჩირზე გადებულ ხიდზე, რომელიც სასაზღვრო ქალაქ ურენიას კოლუმბიისგან აცალკევებს - იუწყება "ვაშინგტონ პოსტი".
საზღვრის კოლუმბიის მხარეს მდებარეობს ქალაქი კუკუტა, სადაც განთავსებულია აშშ-ის მიერ ვენესუელის მოსახლეობისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების ნაწილი. ქვეყანაში ამ დახმარების ჩატანას მოითხოვს ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო, რომელმაც თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.
ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ - რომლის ლეგიტიმურობას ბევრი ქვეყანა არ ცნობს - კოლუმბიასთან და ბრაზილიასთან საზღვრების ჩაკეტვის ბრძანება გასცა და უარს აცხადებს აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების მიღებაზე. ის ამბობს, რომ ეს ტვირთი შესაძლოა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის საშუალება გახდეს.