სოფიო კილაძე: კარგი იქნება თუ პარლამენტარების შეურაცხყოფებს ფეისბუკზე თავს დაანებებთ
"ბავშვის უფლებათა კოდექსის" პროექტის პრეზენტაცია კამათით დასრულდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენელს ანა აბაშიძეს კანონპროექტის კრიტიკის პასუხად მიუგო, რომ მას და მის კოლეგა ანა არგანაშვილს კოდექსის ჩაგდება ჰქონდათ დავალებული და დესტრუქციულად იქცეოდნენ. სოფიო კილაძემ ანა არგანაშვილს და ანა აბაშიძეს ურჩია, კარგი იქნებოდა თავი დაენებებინათ ფეისბუკზე პარლამენტარების პიროვნული შეურაცხყოფისთვის. საბოლოოდ სოფიო კილაძემ შეხვედრა დატოვა.
„სამოქალაქო სექტორის კრიტიკა, რომელიც პერიოდულად მასაც მიემართება, მან გამოიყენა ჩვენი დისკრედიტაციისთვის. პირდაპირ მიმანიშნა, რომ ფეისბუკზე მისი კრიტიკა მიუღებელი იყო და ამიტომ დესტრუქციული და უზრდელი მიწოდა. ეს იყო პირდაპირი თავდასხმა ადამიანზე, რომელიც ვმუშაობ ამ თემაზე და პერიოდულად ვაკრიტიკებ მას,“-გვითხრა ანა აბაშიძემ. მისი შეფასებით, "ბავშვის უფლებათა კოდექსი" დეკლარაციულია და მისი პრაქტიკაში განხორციელება გაძნელდება.
კოდექსის პროექტზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად გაეროს ბავშვთა ფონდი მუშაობდა. სავარაუდოდ, კოდექსს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს.