საქართველოს ელჩი: „გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა ძალიან დაბალია“
"გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა, ამ ქვეყანაში უცხოელების მიერ ჩადენილ დანაშაულთა საერთო რაოდენობის 1%-საც არ შეადგენს".
ასე ეხმაურება რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გერმანიაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გერმანიის ციხეებში უცხოელი პატიმრების, მათ შორის ქართველების სარეკორდო მაჩვენებლის შესახებ.
ექსკლუზიურ რეპორტაჟს ამ თემაზე აქვეყნებს გერმანიის გაზეთი „რაინიშე პოსტი“.
„იმდენად დაბალია გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულებების რიცხვი, რომ შეიძლება ითქვას, რომ ის არც კი ჩანს უცხოელების მიერ ჩადენილ დანაშაულებათა საერთო რაოდენობაში. ის 1%-საც კი არ აღწევს. ვერანაირ საგანგაშო ვითარებაზე ვერ ვილაპარაკებ“, - ამბობს ელგუჯა ხოკრიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
გერმანული გამოცემის მონაცემებით, ბერლინსა და ჰამბურგში 50%-ს გადააჭარბა პატიმრებს შორის უცხოელების წილმა.
საქსონიის მონაცემებით, 2016 წლის მარტში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფებოდა 482 უცხოელი, ორი წლის შემდეგ - 601, ხოლო ამჟამად მათი რიცხვია 981.
აღმოსავლეთ გერმანიის ამ მხარის ციხეებში უცხოელების ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფებს შეადგენენ პოლონელი, ტუნეზიელი, ლიბიელი, ჩეხი და ქართველი პატიმრები.
„რაინიშე პოსტის“ ინფორმაციით, პატიმართა ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფებს შორის არიან თურქეთის, გამბიის, რუმინეთის, ალჟირის, იტალიის, საქართველოს, პოლონეთის, კოსოვოს, სირიისა და ალბანეთის მოქალაქეები.