უნგრეთი ყოყმანობს ვადის გაგრძელებაზე ბელორუსიისთვის იარაღის ემბარგოსთვის
უნგრეთი კიდევ ერთხელ იმუქრება ძირის გამოთხრით ევროკავშირის ხანგრძლივი პოლიტიკისთვის, რომელიც ითვალისწინებს იარაღზე ემბარგოს ბელორუსიისთვის - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს წყაროებმა, რომლებიც თავს იკავებენ ვინაობის გამჟღავნებისგან. ემბარგო 2011 წელს შემოიღეს და მას ყოველ წელს ესაჭიროება ვადის გახანგრძლივება ევროკავშირის 28-ვე წევრი ქვეყნის კონსენსუსით.
გასული ორი წლის განმავლობაში უნგრეთმა მიაღწია ბიატლონის შაშხანების და სხვა სპორტული შეიარაღების ამოღებას ემბარგოდან და ახლა, ხელახალი კენჭისყრის წინ ყოყმანობს ემბარგოს ვადის გახანგრძლივებაზე - იუწყებიან წყაროები. მათი თქმით, ბუდაპეშტი ამბობს, რომ თუ ევროკავშირს იარაღის ემბარგოსთვის ვადის კიდევ ერთხელ გახანგრძლივებაზე მისი თანხმობის მიღება სურს, ბლოკმა უნდა უზრუნველყოს სწრაფი მიღება დოკუმენტისა, რომელიც ევროკავშირის და მინსკის სამომავლო ურთიერთობებს განმარტავს. ეს დოკუმენტი, სახელად "ბელორუსიასთან პარტნიორობის პრიორიტეტები", უკვე ორი წელია განხილვის საგანია ბრიუსელსა და მინსკს შორის და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ხალხთა შორის კონტაქტები, გარემოს დაცვა, ეკონომიკური თანამშრომლობა და ადამიანის უფლებები. დოკუმენტი 2018 წელს უნდა გაფორმებულიყო, მაგრამ ლიტვა აცხადებს, რომ ტექსტში რამდენიმე დამცველი პუნქტი უნდა შევიდეს იმ ბირთვულ ელექტროსადგურთან დაკავშირებით, რომელიც ბელორუსიაში რუსეთის დაფინანსებით შენდება.
იარაღზე ემბარგო ევროკავშირმა 2011 წელს შემოიღო, ვიზების აკრძალვასთან და ქონების გაყიდვასთან ერთად ბელორუსიის ოთხი კომპანიის და 174 მოქალაქის, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის. ეს იყო პასუხი ძალადობრივ ზეწოლაზე ოპოზიციის მიმართ, 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი დემონსტრაციებისას.