მარსზე იპოვეს ტბა მლაშე წყლით
მარსზე აღმოაჩინეს დიდი მიწისქვეშა ტბა მლაშე თხევადი წყლით, რაც ზრდის წითელ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას. ტბის აღმოჩენის შესახებ იუწყებიან აშშ-ის ჟურნალ „საიენსში“ 25 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში. ტბა მდებარეობს ყინულის ფენის ქვეშ და, როგორც ჩანს, 20 კილმეტრი სიგანისაა. ის აღმოაჩინეს „მარს ექსპრესზე“ - ევროპის კოსმოსური სააგენტოს საპლანეტათაშორისო სადგურზე - განთავსებული რადარის მეშვეობით. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, წყლის აღმოჩენა მართალია ზრდის სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობას, მაგრამ წლები დასჭირდება იმის დადგენას, მართლაც არიან თუ არა ცოცხალი ორგანიზმები მარსზე. ვარაუდობენ, რომ 3,6 მილიარდი წლის წინ ამ პლანეტაზე ბევრი წყალი იყო.