აშშ-ის არმიის სამხედრო ტექნიკა საქართველოშია
საქართველოში ჩამოვიდა ამერიკული სამხედრო ტექნიკით დატთვირთული გემი. მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად ამერიკული ჯავშანტექნიკა რუმინეთიდან, კონსტანცის პორტიდან 22 ივლისს გამოგზავნეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფოთის საზღვაო ნავსადგურში უკვე გადმოტვირთეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერი,“ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი,“ M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“ და სხვა სამხედრო ტექნიკა, რომლის ნაწილი ვაზიანისკენ ავტომატარებლით, ნაწილი კი - თვითსვლით გადაადგილდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა მრავალეროვნული სწავლების მონაწილე, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეორე საკავალერიო პოლკის პირადი შემადგენლობა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წვრთნაში მონაწილე ამერიკელი სამხედროების კიდევ ერთი ნაწილი საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა. მრავალეროვნულ სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე 1 აგვისტოს გაიხსნება. წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება. სწავლების სცენარი მოიცავს სტაბილურობის და შეტევა-თავდაცვის ოპერაციებს.