პომპეო: ტრამპს და პუტინს შორის რაიმე ფარული შეთანხმება არ შემდგარა
![პომპეო: ტრამპს და პუტინს შორის რაიმე ფარული შეთანხმება არ შემდგარა](https://gdb.rferl.org/D6E81FE8-917A-42CD-AEF9-B20D2C7FEE09_cx0_cy10_cw0_w800_h450.jpg)
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უპასუხა შეკითხვებს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის 16 ივლისს, ჰელსინკიში გამართული შეხვედრის თაობაზე. დონალდ ტრამპის და ვლადიმირ პუტინის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ ამერიკელმა კანონმდებლებმა ტრამპი დაადანაშაულეს შეერთებული შტატების ინტერესების ღალატში, პუტინისადმი ლოიალურ დამოკიდებულებაში და უარყოფაში ამერიკული დაზვერვის დასკვნისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩაერია 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს, რა ილაპარაკა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრისას და ხომ არ მისცა საიდუმლო დაპირებები. მაიკ პომპეომ უარი თქვა ტრამპის და პუტინის პირისპირ შეხვედრის დეტალების გამჟღავნებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს სრულიად მკაფიო შეხედულება აქვს 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ხელისუფლების ჩარევაზე და იზიარებს ამერიკული დაზვერვის დასკვნას. სახელმწიფო მდივნის განცხადებითვე, აშშ არც მომავალში აღიარებს კრემლის მიერ ყირიმის ანექსიას და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.
პომპეოს მტკიცებით, ჰელსინკიში ამერიკული მხარე იცავდა თავის სტრატეგიულ ინტერესებს სირიასა და უკრაინაში და ცდილობდა გაერკვია დაინტერესებულია, თუ არა რუსეთი ურთიერთობების გაუმჯობესებით. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პირადად მან რუსებს მკაფიოდ განუმარტა, რომ დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას სერიოზული შედეგები მოჰყვება. პომპეოს ინფორმაციით, ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ ტერორიზმთან საბრძოლველად კონტაქტების გააქტიურებაზე და ისაუბრეს ეკონომიკის საკითხებზე, თუმცა სანქციების გაუქმების თემა არ განხილულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მტკიცებით, ტრამპი და პუტინი ერთმანეთს არაფერს დაპირებიან და არც რაიმე საიდუმლო შეთანხმებისთვის მიუღწევიათ.