NDI შეაფასებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის მზადებას
საქართველოში იმყოფება აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) საერთაშორისო დელეგაცია, რომელიც დააკვირდება მზადებას ოქტომბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. 23-27 ივლისს დელეგაციის წევრები შეხვდებიან კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორის, ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს. NDI-ს დელეგაცია შეაფასებს არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებს და ზოგადად, საარჩევნო გარემოს. მედიისთვის კომენტარი მხოლოდ 27 ივლისს, პრესკონფერენციაზე გაკეთდება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე კარლ ინდერფურტი, ნიუ ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორი და გარემოს დაცვის სააგენტოს ყოფილი ადმინისტრატორი კრისტინ ტოდ-ვიტმანი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი, დამოუკიდებელი საარჩევნო ექსპერტი მარია ბაბიჩი, NDI-ის ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ლორა თორნტონი და NDI-ის პროგრამების დირექტორი საქართველოში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში მელისა მუსიო. NDI-ის განცხადებით, დელეგაციის მიზანია საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირება და საარჩევნო პროცესებისადმი საზოგადოების ნდობის განმტკიცება.