ოპოზიციამ წარადგინა ერთიანი კანდიდატურა აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე
საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრისა და თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის კანდიდატურა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ოფიციალურად დაასახელა. ახვლედიანის კანდიდატურა ექვსმა პარტიამ წარადგინა: "თავისუფალი დემოკრატები", შენების მოძრაობა", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "დემოკრატიული მოძრაობა", "თავისუფალი საქართველო". ამ თემაზე შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა და მასში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენლები მსჯელობდნენ. არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ მზად არის, აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ სუბიექტებს პირადად შეხვდეს და საკუთარი ხედვა გააცნოს. ამ დროისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად თორნიკე რიჟვაძე "ქართული ოცნების" წევრებმა წარუდგინეს.