დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრას უკავშირებს „მცირე მოლოდინს“
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „მცირე მოლოდინს“ უკავშირებს 16 ივლისის ჰელსინკის შეხვედრას რუსეთის პრეზიდენტთან. „მე მცირე მოლოდინით მივდივარ ამ შეხვედრაზე“, - განაცხადა „CBS News“- თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა, რომელიც დასძენს, რომ შეხვედრაში ცუდი არაფერია, „რაიმე კარგის“ მიღება კი შესაძლებელია. „ვფიქრობ, რომ შეხვედრა კარგია. მჯერა შეხვედრებისა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს აპირებს წამოჭრას იმ 12 მზვერავის საკითხიც, რომლებიც ბრალდებული არიან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.