აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი "ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰყავს
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციას, „ნაციონალურ მოძრაობას“ ადგილობრივი მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატი ჰყავს. ამასთან, პარტიის წარმომადგენლები კანდიდატის ვინაობას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციამდე არ ასახელებენ და მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მათი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან აწარმოებს კონსულტაციებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად. ჯერჯერობით დასახელებულია ერთადერთი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი თორნიკე რიჟვაძე. 29 წლის რიჟვაძე „ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 21-წევრიან უმაღლეს საბჭოში „ქართულ ოცნებას“ 14 დეპუტატი ჰყავს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 და თითო-თითო „ევროპულ საქართველოს,“ „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას.“
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 4 ივლისს დატოვა ზურაბ პატარაძემ.