ლავროვი დადებითად აფასებს რუსეთში ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეფასებით, რუსეთში აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრების სტუმრობა ძალიან დროულია 16 ივლისის სამიტის მოახლოების გამო და უნდა გააუმჯობესოს ურთიერთობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. ამერიკელი კონგრესმენები მიმდინარე კვირაში იმყოფებიან რუსეთში, მათი თქმით, ურთიერთობების გაუმჯობესების მისიით და იმის დასადგენად, თუ რამდენად იმოქმედა რუსეთის ეკონომიკაზე ოთხი წლის წინ დაწესებულმა დასავლურმა სანქციებმა. ლავროვი 3 ივლისს შეხვდა კონგრესმენებს და გამოთქვა იმედი, რომ ვიზიტი იქნება აშშ-ისა და რუსეთის „პარლამენტებს შორის ურთიერთობის განახლების სიმბოლო“. კონგრესმენები, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოკავშირეებად არიან მიჩნეული, რუსეთში მიიწვია ამ ქვეყანაში აშშ-ის ელჩმა, ჯონ ჰანტსმენმა. 16 ივლისს ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველად შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს.