ზაზა სარალიძე: „დღევანდელ ღამეს აქ არ გავატარებ, გარეთ გავალ“
ზაზა სარალიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მიიღო პირობა, რომ მისი შვილის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით მიმდინარე კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები გადაიდგმება. "გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. გავიარეთ ყველა ჩვენება, რაც მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არსებობს საქმის მასალებიდან გამომდინარე. შევთანხმდით იმაზე, რომ კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას და აქ აღარ გავჩერდები, გარეთ გავალ. დღევანდელ ღამეს აქ არ გავატარებ. დავარწმუნეთ იმაში, რომ საკმარისი მტკიცებულებებია იმისთვის, რომ კალანდიას ბრალი წარედგინოს. შევთანხმდით კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე, თუმცა ამაზე კონკრეტულად არ ვისაუბრებ იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც მოცემულობას ხელი არ მინდა შეეშალოს. რაც შეეხება იმას, თუ რა მითხრეს კალანდიასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვისაუბრეთ, მაგრამ დეტალებს ვერ მოგახსენებთ, რათა ხელი არ შევუშალო პროცესს", - განაცხადა სარალიძემ.
შეხვედრას, ზაზა სარალიძის განმარტებით, მინისტრი არ დასწრებია. მისი თქმით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსთან შედგა.
2 ივლისს ზაზა სარალიძემ შსს-ს ეზოში დაიწყო აქცია მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დასჯის მოთხოვნით.