მედია: ანკარა თბილისისგან ითხოვს რუსი პილოტის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილის გადაცემას
თურქეთმა საქართველოს მიმართა, გადასცეს თურქეთის მოქალაქე, ინტერპოლით ძებნილი სერქან კურტულუში, რომელიც 29 ივნისს, პოლიციამ თბილისში დააკავა და ამჟამად რუსთავის საპატიმროში იმყოფება - ამის შესახებ იუწყება რუსული სააგენტო ტასი, რომელიც წყაროდ იყენებს თურქულ სააგენტოს, Demiroren-ს. მისი ინფორმაციით, კურტულუში, რომელსაც ბრალად ედება თურქეთის რამდენიმე პროვინციაში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფების ორგანიზება, ფიგურირებს რუსი მფრინავის, ოლეგ პეშკოვის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანილ 18 პირს შორისაც. ამასთან, რუსული სააგენტო ინტერფაქსი თურქულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კურტულუში ბათუმში დააკავეს. ამავე წყაროს ცნობით, სერქან კურტულუში რუსი პილოტის მკვლელობის საქმეზე თურქეთში დაკავებულიც იყო, თუმცა, მოგვიანებით გაათავისუფლეს.
2015 წლის ნოემბერში, თურქულმა ავიაგამანადგურებელმა სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსული ბომბდამშენი სუ-24, რომელმაც ანკარის განცხადებით, თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ერთმა პილოტმა კატაპულტირება შეძლო, მეორე კი დაიღუპა. ამ ფაქტმა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა გაამწვავა. 2016 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ თურქეთში დააკავეს ორი მფრინავი, რომლებმაც რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. თუმცა, მათ ბრალად დასდეს არა სუ 24-ის ჩამოგდება, არამედ კავშირი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან.