საფრანგეთში მოკლეს შეიარაღებული პირი, რომელმაც მძევლები აიყვანა სუპერმარკეტში
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ კოლომბის განცხადებით, ლიკვიდირებულია შეიარაღებული პირი, რომელმაც ქალაქ ტრების სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა მას შემდეგ, რაც მოკლა, სულ ცოტა, სამი ადამიანი. ტრები მდებარეობს სამხრეთ საფრანგეთში, ტულუზის სამხრეთ-დასავლეთით 100-მდე კილომეტრში. ოფიციალური ინფორმაციით, 23 მარტის თავდასხმისას შეიარაღებულმა პირმა ასევე დაჭრა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა ინციდენტი სავარაუდო „ტერორისტულ აქტად“ მოიხსენია. მძევლების სავარაუდო "ტერორისტული თავდასხმა" უწოდა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც, რომელმაც ინციდენტის შესახებ განცხადება გააკეთა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის შემდეგ. თავდამსხმელის ვინაობასა და მოტივზე ჯერ არაფერს იუწყებიან. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობებით, თავდამსხმელი თავს მიაკუთვნებდა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა ერთი ადამიანი მოკლა ახლოს მდებარე ქალაქ კარკასონში, რის შემდეგაც ტრების სუპერმარკეტში მძევლები აიყვანა და სიცოცხლეს გამოასალმა ორი მათგანი.